ბრიუსელში იმართება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა თავდაცვისათვის განკუთვნილ ხარჯებზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე მოსალაპარაკებლად. ნატოს მინისტრების ამ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ჯეიმს მატისი. ორდღიანი სამიტის დაწყებამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ მინისტერიალზე დაადასტურებენ ტრანსატლანტიკური ალიანსის დიდ მნიშვნელობას. იქვე სტოლტენბერგმა ნატოს წევრებს მოუწოდა, დაუდასტურონ შეერთებულ შტატებს თავიანთი ძალისხმევა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად. მეორე მხრივ, შეერთებული შტატებისაგან მოელიან ნატოს დანარჩენი წევრები იმის დასტურს, რომ ვაშინგტონი ალიანსის ერთგულია. პრეზიდენტ დონალ ტრამპს ნატო „მოძველებულად“ ჰყავს მოხსენიებული და ნათქვამი აქვს, რომ შეერთებული შტატები ნატოელი მოკავშირეების მხარდაჭერას შეასუსტებს, თუ ისინი არ გაზრდიან თავდაცვისათვის განკუთვნილ ხარჯებს. მაგრამ 14 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს. „ორჯერ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მისი გზავნილია, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს, რომ ემხრობა თავდაცვის დაფინანსების გაზრდას. მაგრამ ასევე მხარს უჭერს რუსეთის მიმართ ნატოს ორგვაროვან მიდგომას: ეს ნიშნავს, რომ სანამ ძლიერი ვართ, სანამ ინვესტიციებს ვაკეთებთ ჩვენს თავდაცვაში, შეკავებისთვის განკუთვნილ ზომებში, შეგვიძლია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 14 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ახსენა საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის საკითხიც. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტერიალი დასრულდება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრით, რომელზეც განიხილავენ რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას და საქართველოს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან აახლოვებს.
ყველაზე პოპულარული
1