ეუთოს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 20 თებერვლისთვის ფრონტის ხაზიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას, რასაც ითვალისწინებს კიდეც მინსკის სამშვიდობო შეთანხმება. უკრაინის, რუსეთისა და მისი მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ამ შეთანხმების შესახებ გუშინ ისაუბრა უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს მთავარმა შუამავალმა, მარტინ საიდიკმა. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდეევკის გარშემო გამწვავდა საბრძოლო მოქმედებები, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 2015 წელს მინსკში გაფორმებული სამშვიდობო გეგმის თანახმად, მხარეებისგან მოელიან, რომ ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანით შეიქმნება ბუფერული ზონა. ეს შეთანხმება პერიოდულად ირღვეოდა ორივე მხარის მიერ. 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დაიღუპა 9750-ზე მეტი ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1