Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის მასშტაბი გაიზარდა


ხანძარი შავნაბადას მთაზე (ხულოს მუნიციპალიტეტი)
ხანძარი შავნაბადას მთაზე (ხულოს მუნიციპალიტეტი)

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის მასშტაბი გაიზარდა. როგორც რადიო თავისუფლების ბათუმელი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ტერიტორიაზე ძლიერი ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის კერების არეალი გაფართოვდა. ხანძრის მასშტაბის გაზრდის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შავნაბადას მთა ვერტმფრენიდან შეისწავლეს. ხანძრის ოთხ კერას, მეტყევეებთან ერთად, დილიდან აქრობენ სახანძრო ბრიგადები. ადგილზე მუშაობს ხულოს, შუახევის, ქედისა და ბათუმის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოხალისეებიც მონაწილეობენ. შავნაბადას მთაზე ცეცხლი გაჩნდა ტყეში, სადაც გადაადგილება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებითაა შესაძლებელი. შავნაბადას მთა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ხანძრის ჩასაქრობად შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მანამდე ინტერპრესნიუსის სააგენტომ, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავნაბადას მთაზე ხანძრის 99% ლოკალიზებულია.

XS
SM
MD
LG