Accessibility links

ადვოკატთა ასოციაცია პასუხობს კრიტიკას სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი ადვოკატისადმი


სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდება სახაზინო ადვოკატი, ალუდა ბუჩუკური. მან დაცვის სტრატეგია უნდა განსაზღვროს. 22 ივლისს, კობაურის დაცვაზე უარი თქვა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ მალხაზ კობაური არა მკვლელი, არამედ დანაშაულის მოწმეა. მანამდე, 11 ივლისს კობაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში თქვა, რომ სმითები მოკლა "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ. დავით გირგვლიანს მალხაზ კობაურის დაცვაზე უარის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ადვოკატის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიასაშუალებებით გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ბრალდებულს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმითთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული.

ადვოკატ დავით გირგვლიანის გადაწყვეტილებით საზოგადოებაში გამოწვეული კრიტიკის გამო განცხადება გაავრცელა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. მისი განმარტებით, დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, პოზიციების შეუთანხმებლობა, ან მხარეთა შორის ნდობა აღარ არსებობს. „შესაბამისად, როცა უცნობია საადვოკატო დახმარების შეწყვეტის რეალური მიზეზები და ამასთან, თავად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრთა მხრიდან ადვოკატის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქმულა, მიუღებელია ადვოკატის ზღვარგადასული კრიტიკა, მაშინ, როცა ადვოკატი მოკლებულია შესაძლებლობას დაასახელოს მისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“ - ნათქვამია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაში.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. შსს-მ 9 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მ.კ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG