Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული გალერეის 6 ყველაზე პოპულარული ექსპონატი


საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ მოგვაწოდა 6 ყველაზე პოპულარული ექსპონატის აღწერა და ფოტოები.

მეთევზე - ნიკო ფიროსმანაშვილის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა ლაკონურობითა და ამავდროულად გამომსახველობითი სიზუსტით. მუშამბის ბუნებრივ სიშავეზე დატანილი რამდენიმე მონასმი საკმარისია, რომ გამოისახოს არა მხოლოდ წყალი, არამედ წყლის დინება, თევზი, სათლი, თუ მცენარეები.

მარგარიტა - ფიროსმანაშვილის სურათზე გამოსახულია კაბარეს მსახიობი ფრანგი ქალი - „აქტრისა მარგარიტა“. სავარაუდოდ, ფიროსმანაშვილმა მარგარიტა სცენაზე ნახა და მოხიბლული დარჩა. არაერთი ლეგენდა თუ ისტორია დაუკავშირეს ამ ამბავს, თუმცა თანამედროვეთა მეხსიერებაში ყველაზე ნათლად ღარიბი მხატვრის მიერ ფრანგი ქალისთვის მირთმეული ყვავილების ისტორია აღიბეჭდა.

ჟირაფი - ფიროსმანაშვილს ჟირაფი, სავარაუდოდ, შავ-თეთრ ფოტოზე ჰყავდა ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟირაფი შორს არის რეალური ჟირაფის გამოსახულებისგან, ის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარია მის შემოქმედებაში.

მერანი - ლადო გუდიაშვილი, 1918 წელი. მითოლოგიური რაში და მასზე ამხედრებული ჩოხოსანი მხედარი ღრუბლებითა და ფანტასტიკური ფრინველებით სავსე ცის ფონზე მიჰქრიან, სურათის ქვედა ნაწილში კი მთიანი პეიზაჟი, ქართლის ციხე-სიმაგრე და კოშკია გამოსახული. ლადო გუდიაშვილის „მერანი“ თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.

კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია - დავით კაკაბაძე, 1924 წელი. მხატვარმა ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული და ორიგინალური ექსპერიმენტი კოლაჟების სახით შექმნა. ხე, ლითონი, ლინზა, ხაზები თუ ფერები კონსტრუირდება აბსტრაქტულ კომპოზიციაში და ახალ გამომსახველობას გვთავაზობს.

ჩახრუხაძის პორტრეტი - ბრინჯაო, 1944 წელი. პორტრეტი იაკობ ნიკოლაძის შემოქმედების გვიანი პერიოდის გამორჩეული ნამუშევარია. მოქანდაკის ოჯახის წევრები და მეგობრები იხსენებენ, რომ ჩახრუხაძის თაბაშირში გამოქანდაკების დროს, მან დაუსრულებელ ნამუშევარზე დროებით ჩამოდო სველი სამუშაო ტილო. როდესაც ნამუშევრისკენ მიბრუნდა, ტილოს ირეგულარული განლაგება მოეწონა და ნანახმა უკარნახა ჩახრუხაძის თმის ასეთი სახით გამოქანდაკება.

XS
SM
MD
LG