ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიის სიცილიის ოლქში შეხვდა ქალაქ რანდაცოს მერს, ფრანჩესკო სგროის - ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც პალერმოში რუსეთის გენერალური კონსული ევგენი პანტელეევიც დაესწრო, შესრულდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.“ ამავე წყაროს ცნობით, ქალაქ რანდაცოს მერმა გამოთქვა მზადყოფნა ცხინვალთან გააფორმოს თანამშრომლობის შეთანხმება. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მედოევი და სგროი ავიდნენ ეტნას მთაზე, სადაც აღმართეს „სამხრეთ ოსეთის და იტალიის სახელმწიფო დროშები.“
იტალიის სიცილიის ოლქის რანდაცოს კომუნა კატანიის ადმინისტრაციულ ცენტრს ექვემდებარება და იქ 11 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი მედოევი იტალიაში გასული კვირის ბოლოს გაემგზავრა და 25-26 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს მე-11 ევრაზიულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონაში გაიმართება.