Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკური პარტია საბოტაჟში დაადანაშაულა


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია და მისი მხარდამჭერები ყველაფერს აკეთებენ საბოტაჟის პოლიტიკის გასატარებლად. 22 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტმა ვერ მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ბარიერის შემცირებას. ცვლილებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის 56-მა წევრმა სამის წინააღმდეგ, თუმცა, კანონპროექტის მიღებას სულ მცირე 63 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

„კენჭისყრამ კიდევ ერთხელ აჩვენა რეალური მდგომარეობა და ის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ნაბიჯს ვერ გადავდგამთ“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. ფაშინიანის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების ჩატარების შეთხვევაშიც, ხალხს გამარჯვებას ვერავინ წაართმევს.

სომხეთის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში დღეს ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის ყოფილი თავმჯდომარის, ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო. მრავალათასიანმა აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერ-მინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა და ამ გზით სურს მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ფაშინიანის გადადგომამდე მის მიერ მხარდაჭერილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი კონფიგურაცია ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

სომხეთის კონსტიტუციით, მთავრობის გადადგომის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციებს აქვთ ერთკვირიანი ვადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად. მის ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პირველ ჯერზე პარლამენტი პრემიერს ვერ აირჩევს, შვიდ დღეში უნდა ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ დეპუტატების სულ მცირე მესამედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ პრემიერ-მინისტრს ვერც ხელახალი კენჭისყრით აირჩევენ, პარლამენტის შემადგენლობა დაშლილად ცხადდება და ვადამდელი არჩევნები ინიშნება. ოქტომბრის დასაწყისში, საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებას.

XS
SM
MD
LG