Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ სენცოვს მიენიჭა სახაროვის სახელობის პრემია


ევროპარლამენტმა უკრაინელ რეჟისორს, რუსეთში დაპატიმრებულ ოლეგ სენცოვს მიანიჭა სახაროვის სახელობის პრესტიჟული პრემია „აზრის თავისუფლებისათვის“. სენცოვის დაპატიმრება მოჰყვა მის პროტესტს ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის განმარტებით, 50 ათას ევროს ფულად ჯილდოსთან დაკავშირებული პრემია გაიცა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისათვის შეტანილი „გამორჩეული წვლილისათვის“. სენცოვი იყო ერთ-ერთი სულ სამი კანდიდატიდან, რომელიც 9 ოქტომბრის დახურული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე დაასახელეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების საკითხების კომიტეტებმა. შორტლისტში მოხვდნენ აგრეთვე მაროკოელი აქტივისტი ნასერ ზეფზაფი და 11 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა, სიკვდილისაგან იხსნას მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოხვედრის მცდელობისას. გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წლიდან არსებობს. ევროპარლამენტი მას გასცემს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დამცველი ადამიანებისა და ორგანიზაციების დამსახურების აღსანიშნავად. სახაროვის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 12 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG