Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერობისას არ გამდიდრებულა


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უარყო „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში სახლი აიშენა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა მისგან დამატებითი ინფორმაცია არ გამოითხოვა და მხოლოდ საჯარო რეესტრის 2016 წლის ჩანაწერით იხელმძღვანელა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, ქვეშეთში მდებარე სახლის აზომვითი ნახაზები და საცხოვრებელი სახლის ლეგალიზაციის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანება დათარიღებულია 2013 წლით.

“ჟურნალისტს ცოტა მეტად რომ მოეკვლია, სულ მცირე, უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსვე მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ ნაკვეთი, არამედ 250 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი. 2016 წლის ჩანაწერში არის მხოლოდ და მხოლოდ ბოლო შესწორება, რომლის საფუძველი იყო დუშეთის საკრებულოს 2013 წლის 14 მაისით დათარიღებული ბრძანება, რომელიც თავის მხრივ 2013 წლის მარტის აზომვით ნახაზს ეფუძნება. მიწის ნაკვეთი, აშენებული პირველი სართულით 2007 წლის 6 აგვისტოს შევიძინე. შენობა დარეგისტრირებული არ იყო და ამიტომ ფიქსირდებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. სწორედ ამიტომ, როგორც კი დავასრულე მშენებლობა 2010 წელს, დავიწყე ლეგალიზაციის პროცესი. 2013 წელს, მინისტრად ჩემი დანიშვნიდან 3 თვეში უკვე დასრულებული იყო აზომვითი ნახაზი, ხოლო მაისში გამოიცა საკრებულოს შესაბამისი ბრძანება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დაწვრილებით კომენტარს აკეთებს იმიტომ, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რეპუტაცია და შეუძლია თქვას, რომ ყოველთვის და ყველგან პატიოსნად იმსახურა.

„თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არც ერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ს გუშინვე დაუკავშირდა მისი წარმომადგენელი და მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ის არც ეთერში გასულა და არც ვებგვერდზე განთავსებულა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და ჩვენმა მოსახლოებამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG