არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 14 საათისთვის ქუთაისში დაწერა 4 საჩივარი, რომელიც ეხება საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსებას და გადასატან ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე მოთავსებას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა ინფორმაციით, ქუთაისის საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები იმყოფებიან, რაც ორგანიზაციის განმარტებით, კანონდარღვევა არ არის, თუმცა, ზემოქმედების გარკვეული საშუალება და შესაბამისად, მიუღებელი ქმედებაა. ამავე ორგანიზაციის დამკვირვებელთა ცნობით, არაერთ საარჩევნო უბანთან განთავსებულია პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალები.
კენჭისყრის დაწყებიდან დაახლოებით ექვს საათში 17 საჩივარი დაწერა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ რომელიც არჩევნებს აკვირდება ქუთაისში, ბაღდათში, ხონში, წყალტუბოსა და თერჯოლაში. საჩივრების უმრავლესობა შეეხება პროცედურულ დარღვევებს - გადასატანი ყუთების ხარვეზებს, ბეჭდის არასწორად გამოყენებას და საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას.