პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლაგოდეხში, მე-15 უბანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვის თაობაზე დავალება მიიღო. ამის შესახებ მან არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მცდელობა, ის გააკეთოს, რასაც 2012 წლის ჩათვლით აკეთებდა.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში, მე-15 უბანში, „ნაცმოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვის თაობაზე მიიღო დავალება. მას მოსთხოვეს ბიულეტენების მოპარვა იმისთვის, რომ ბოლოს, ხმის დათვლის დროს არ გაჩნდეს ბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ბალანსის უზრუნველყოფა არის საჭირო, როცა ითვლება ხმები და როდესაც ამ მონაცემებს აკლდება ცარიელი ბიულეტენები, ბალანსი არ დგება. ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს მცდელობა, ის გააკეთოს ოპოზიციის რანგში, რასაც აკეთებდა თავის დროზე 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ის ხელისუფლებაში იყო, დღეს მათ არ აქვთ ამის შანსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, მათ შორის, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ სქემის სათავეში დგანან.