გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში აცხადებენ, რომ არჩევნების პროცესი ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. როგორც შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით ჯანდიერმა, „სამართლებრივი რეაგირების ჯგუფი“, მრავალ დარღვევას აფიქსირებს.
„კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური დარღვევების ფონზე. ადგილი აქვს ხმის მიცემის დარღვევას, კერძოდ, ამომრჩეველს აიძულებენ გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან. ამომრჩევლები ხმას აძლევენ მესამე პირების თანდასწრებით. გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას, საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებები ატარებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. კომისიის წევრები ამომრჩეველს პირდაპირ მიუთითებენ, რომელი ნომერი შემოხაზონ“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მისივე ცნობით, გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ადამიანები კვლავ მიდიან საარჩევნო უბანზე და დაუბრკოლებლად აძლევენ ხმას. ასევე გამოიკვეთა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც.
გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა ეჭვქვეშ არ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა.