Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მაღალი დონის კორუფციის გამოწვევის დაძლევისკენ


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს, წამოიწყოს ფართო დისკუსია ანტიკორუფციული პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე და გამოავლინოს გაბედული რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება. „ბოლო პერიოდში გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები და მათზე ხელისუფლების რეაგირება ცხადყოფს, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ამჟამად არ შეუძლიათ ეფექტური მოქმედება კორუფციის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც კორუფციაში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები ან მმართველ ჯგუფთან დაკავშირებული გავლენიანი პირები მონაწილეობენ“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ კანონის გვერდის ავლით საარჩევნო კამპანიების დაფინანსება საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ორგანიზაციის განცხადებითვე, საქართველოში ელიტური კორუფციის პრობლემას გაესვა ხაზი ევროპარლამენტის მიერ ნოემბერში მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას ეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები კორუფციის მხრივ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად:

ჩამოაშოროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კორუფციის სავარაუდო შემთხვევების გამოძიების ფუნქცია და განიხილოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესაძლებლობა;

უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა და მისი დაცულობა მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან;

იზრუნოს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინასების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაზე;

მიიღოს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ;

იზრუნოს მართლმსაჯულების სისტემის შიდა თუ გარე დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე;

უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების ეფექტური აღსრულება.

ხელისუფლებისადმი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართვა უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც 9 დეკემბერს აღინიშნა.

XS
SM
MD
LG