უკრაინა სეპარატისტებს ადანაშაულებს საახალწლოდ დონბასში მიღწეული ზავის დარღვევაში. კიევის მონაცემებით, „სიჩუმის რეჟიმის" ამოქმედების პირველივე დღეს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მთავრობის ჯარებს დონეცკის ოლქის დასახლება ჟელეზნოეში.
კიევის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში სეპრატისტებმა 11-ჯერ გახსნეს ცეცხლი, მათგან ორ შემთხვევაში იარაღიდან, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებებით. დაიჭრა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
თავის მხრივ, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ მთავრობის ჯარებს ადანაშაულებს ზავის დარღვევაში. სეპარატისტების განცხადებით, მოწინააღმდეგემ 17-ჯერ გახსნა ცეცხლი.
საახალწლო ზავი, რომლის ინიციატივაც გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ეკუთვნით, წუხელ ამოქმედდა. 2014 წელს დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, „სიჩუმის რეჟიმი“ 25-ჯერ იქნა გამოცხადებული, მაგრამ მხარეები ყოველთვის ადანაშაულებდნენ ერთმანეთს მის დარღვევაში.