„თუ მოსამართლეთა ეს სია გავა, მე მივიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო უმრავლესობის შემადგენლობა. ვერ გეტყვით, ჩემი რამდენი კოლეგა ეწინააღმდეგება ამ სიას, მაგრამ თუ ჩვენ ვართ უმცირესობაში, საზოგადოებაა უმრავლესობაში, რადგან საზოგადოების კრიტიკულ ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ამ მოსამართლეების მიმართ. თუ ეს სია გავა, სასამართლოს მიმართ ნდობა არასდროს აღარ აღდგება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი მიიჩნევს, რომ აჯობებს თუ მოსამართლეთა სიის თაობაზე ყველა დეპუტატი გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებს შორის არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. მოსამართლეთა სადავო სიაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.