Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: Fitch-ის რეიტინგში წინსვლა გავლენას იქონიებს სიღარიბის დაძლევაზეც


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზარმაზარი წარმატება უწოდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის მიერ საქართველოს სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესებას BB მინუსიდან BB სტაბილურამდე.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდა უფრო კონკურენტუნარიანი, შესაძლებელი იქნება მეტი ინვესტიციის მოზიდვა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში ნაკლები რისკებია, რაც აისახება კრედიტების საპროცენტო განაკვეთების გაიაფებაზე.

ბახტაძის განცხადებით, რეიტინგში წინსვლა ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, აძლიერებს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პირდაპირ გავლენას იქონიებს მთავარი გამოწვევის - სიღარიბის დაძლევაზე.

"არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, Fitch-მა დადებითად შეაფასა საქართველოს საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და საპენსიო რეფორმა.

XS
SM
MD
LG