ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ პარლამენტს შესთავაზებს კენჭისყრის გამართვას „ბრექსიტის“ გადავადებაზე, თუ დეპუტატები 12 მარტამდე არ მოიწონებენ შეთანხმებას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს ცნობით, ამის შესახებ მეიმ განაცხადა პარლამენტის სხდომაზე. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ოფიციალური თარიღია 29 მარტი.
თავად მეი, მისივე თქმით, ბრექსიტის გადავადების წინააღმდეგია. მისი თქმით, თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ მის ინიციატივას, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მოსალოდნელია არაუგვიანეს ივნისის ბოლოსი.
ბრიტანეთის გაზეთი „გარდიანი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ორშაბათს იუწყებოდა, რომ ბრექსიტი შესაძლოა, ორი წლით გადაიდოს. „გარდიანის“ თანახმად, ამ იდეაზე აქტიურად მსჯელობენ ევროპის კავშირში.
ევროკავშირის წარმომადგენლებს არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ ეს ცნობა.