საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს პროკურორები დღეს გამოკითხავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. გამოკითხვა 16 საათზე დაინიშნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით, ნახევარ წელზე მეტია იძიებს "თიბისი ბანკის" 11 წლისწინანდელ ოპერაციას. იმ პერიოდში ეროვნულ ბანკს გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.
"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 2008 წლის ტრანზქცია, რომლის გამოც გამოძიება მიმდინარეობს, თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა და რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა ბანკმა ამავე ტრანზაქციაში დაინახა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა და აქციონერთა კრებას მიმართა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაეწვია საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.