საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უთანხმოების გამომწვევი საკითხი, რომლის გამოც შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, პენიტენციურ სამსახურს, ან პატიმართა შეწყალების კომისიას ეხება.
„ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების თემა და სამინისტროს უფლებამოსილებების ფარგლებში გადასაჭრელი საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, დისკუსიები მაძლევს საფუძველს მქონდეს იმედი, რომ ჩემი პოზიცია გაზიარებული იქნება, თუმცა, ვნახოთ როგორ განვითარდება დღეს მოვლენები“ - უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
შეკითხვას, ვისთან მიმდინარეობს დისკუსიები, წულუკიანმა უპასუხა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში.
„იმედი მაქვს, რომ ეს თემა ძალიან მალე დაიხურება იმიტომ, რომ ხვალ უკვე მე ვგეგმავ, რომ ქალბატონ საქართველოს პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, თუ დღეს შეთანხმებას მიაღწევენ, გაგრძელდება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი.
მედიის შეკითხვას, იცის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, წულუკიანმა უპასუხა: "არ ვიცი, რადგან არ შემიწუხებია, ასე ვთქვათ, ამ თემაზე."