ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის უფლებების დამცველი, კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლის მხრიდან, ფიზიკური ძალადობის გარდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასაც განიცდიდა .
"ეს იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური და სხვადასხვა ტიპის დანაშაული, როგორიცაა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ეს არ არის ერთი კონკრეტული ინციდენტი, რომელიც ამ დროისთვის ხანდაზმულიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ გვაქვს არაერთი მტკიცებულება, იმისა, რომ ანა ბაგრატიონი ამბობს სიმართლეს და მას შეუძლია ამ სიმართლის დამტკიცება",- აცხადებს ბაია პატარაია.
საქმეში უკვე დევს 2014 წელს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ფიზიკური ძალადობის კვალს შეეხება, თუმცა მისი დაცვის მხარე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასაც აპირებს. ბაია პატარაიას თქმით, მათ სხვა მტკიცებულებებიც აქვთ.
დაცვის მხარის განცახდებით, დავით ბაგრატიონის მხრიდან ძალადობის ფაქტები ანა ბაგრატიონის შვილების თანდასწრებითაც ხდებოდა, თუმცა გამოძიებას ბავშვები ჯერ არ გამოუკითხავს.
დავით ბაგრატიონი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ის ამჟამად ესპანეთში იმყოფება. მისი ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
ბაია პატარაია გამორიცხავს სახელმწიფოს ჩართულობას. მისი თქმით, თუ დავით ბაგრატიონი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ეს მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს არ შეუშლის.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოში ორი საქმე წამოიწყო - ქონების გაყოფასა და სამეფო სახლის სახელის უკანონოდ გამოყენებაზე. შემდეგი პროცესი ბაგრატიონებს შორის, საქალაქო სასამართლოში 11 აპრილს არის დანიშნული.