ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა აქვთ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს მემარჯვენე ლიბერალურ პარტიას, „ლიკუდს“ და მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ბენი განცის ცენტრისტულ ბლოკს, „ცისფერი და თეთრი.“
ბიულეტენების 97%-ის შეჯამების შედეგად, ამ პოლიტიკურ ძალებს ისრაელის ქნესეთში ექნებათ 120 მანდატიდან სულ მცირე 35-35.
ორივე პოლიტიკოსმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამასთან, ბენიამინ ნეტანიაჰუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შენარჩუნების რეალური შანსი აქვს, რადგან სხვა მემარჯვენე პარტიებთან ერთად შეუძლია მმართველი კოალიციის შექმნა.
ისრაელის მედიასაშუალებების პროგნოზით, ახალი მოწვევის პარლამენტში ნეტანიაჰუს „ლიკუდი“ მოკავშირეებთან ერთად მოიპოვებს 65-67 ადგილს და მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო კოალიციას შექმნის.
ისრაელში რიგგარეშე არჩევნები საჭირო გახდა საპარლამენტო კრიზისის გამო, რომელიც გამოიწვია კანონპროექტმა სამხედრო სამსახურში ორთოდოქსი ებრაელების სავალდებულო გაწვევის შესახებ.
არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ისრაელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ აპირებს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს ბრალი წაუყენოს ბიზნესის წარმომადგენლებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღების გამო.
ნეტანიაჰუ ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.