Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა უწყების შენობასთან მოქალაქის მიერ თავის დაწვის მცდელობას გამოეხმაურა


პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მამაკაცი, რომელმაც 10 აპრილს, პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურია, რომელიც მოითხოვს შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით.

მომხდარის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლები ლევან ჯიქურსა და მის ადვოკატს შეხვდნენ და განუცხადეს, რომ პროკურატურა დამატებით შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებას მას გონივრულ ვადაში აცნობებს.

პროკურატურის ცნობით, წარსულში ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ყაჩაღობისთვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლებული ლევან ჯიქური ქურდობის ბრალდებით 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით. ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით.

ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა ამჟამად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG