საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დღეს გამოკითხავენ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში.
საქმე ეხება 2013 წლის დეკემბერში, საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანას. მას ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვა ადვოკატმა მოითხოვა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა მერაბიშვილს საკნიდან მის გაყვანაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, 2016 წლის 24 ივნისს კი მოწმის სახით გამოიკითხა, თუმცა, ორივე შემთხვევაში აცხადებდა, რომ არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები.
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ერთხელ უკვე დაკითხულია მოწმის სახით და გამოძიებისთვის ყველა ინფორმაცია მიცემული აქვს, თუმცა, საქმეში ბრალდებული დღემდე არ არსებობს და არც ახლა აქვთ მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება. ჩივიაშვილი დღევანდელ გამოკითხვას ფორმალობად აფასებს და უკავშირებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ივნისში დაგეგმილ სხდომას, რომელზეც ადვოკატის თქმით, ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ვანო მერაბიშვილის ჩვენების მიხედვით, საკნიდან გადაიყვანეს სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ან პროკურატურაში, სადაც დახვდნენ მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას დაპირდნენ.
2014 წლის იანვარში, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა.
საქმეზე გამოძიება მას შემდეგ განახლდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, 2018 წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა.