Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებმა, შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები.

„14 მაისს ტელეკომპანია „ოდიშმა” გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში, ასევე, განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" განცხადებაში წერს კიდევ ერთ ფაქტზე და იშველიებს 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ ლაპარაკობს გია დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით თანახმად, 13 მაისს „რუსთავი 2”-ზე გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ მათი ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას „გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG