საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდებიან. ის დეპუტატებს გააცნობს მინისტრად საქმიანობის ანგარიშს და შეკითხვებს უპასუხებს.
გიორგი ქობულიასთან შეხვედრას დაესწრებიან ოპოზიციური ფრაქციების და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრები. მათი უმთავრესი ინტერესის საგანია მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ქობულიას უთანხმოების და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზები. ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ უმრავლესობის დეპუტატები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია 18 აპრილს გაათავისუფლა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში იკავებდა.
გათავისუფლებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, გიორგი ქობულიამ „ფორბსის კვირასთან“ ინტერვიუში თქვა: „იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, თანხვედრა არ გვქონდა.“ მან დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თხოვდნენ თანამდებობიდან წასვლის განცხადება თავად დაეწერა, რაც არ გააკეთა, რადგან ბოლომდე ინარჩუნებდა იმედს, რომ საკუთარ ხედვებში მმართველ გუნდს დაარწმუნებდა.
შეკითხვას, რა სხვაობა იყო მისი და მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვებს შორის, გიორგი ქობულიამ უპასუხა: „არც დღეს და არც მომავალში ამ დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ეს კორექტული, პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ეს იყო გადაწყვეტილებები, რომელსაც არც ეკონომიკური შედეგი ჰქონდა, ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ეს იყო, რა თქმა უნდა, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი.“
პარლამენტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრთან შეხვედრა 13 საათზეა დანიშნული.