ქალთა ინიციატივების მხრადამჭერი ჯგუფი (WISG) განმარტავს, რატომ არ აღინიშნება საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის ღონისძიებები საჯარო სივრცეში.
ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ჩვენ უარს ვამბობთ, წვლილი შევიტანოთ მოჩვენებითი წარმატების ერთდღიანი შთაბეჭდილების შექმნაში მათთვის, ვისაც ასეთი „წარმატება“ აწყობს, უარს ვამბობთ ხელისუფლებას და პოლიციას საშუალება მივცეთ თავი მოიწონოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმის განცხადებით, თუ როგორ დაიცვა ქვიარ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება 2019 წლის 17 მაისს, მაშინ როცა მთელი წლის განმავლობაში უმოქმედოა იზრუნოს ქვიარ ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაზე, საზოგადოებაში გაღრმავებული ჰომოფობიური განწყობების შემცირებაზე, ჰომო და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებაზე და ეფექტურ გამოძიებაზე.“
WISG-ის განცხადების თანახმად, თემის წარმომადგებლები უარს ეუბნებიან მეინსტრიმულ მედიას სენსაციად და სანახაობად აქციოს ქვიარ ადამიანების რეალური პრობლემები.
„ამიტომ ჩვენ დღესაც - 2019 წლის 17 მაისს - უარს ვამბობთ კანცელარიის თუ პარლამენტის წინ დგომაზე, უარს ვამბოთ ყვითელ ავტობუსებზე და ვითხოვთ რეალურ უფლებებსა და თანასწორობას. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, ჩვენ ვიბრძვით ყოველ დღე და ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ თანასწორ და უსაფრთხო საზოგადოებად არ ჩამოვყალიბდებით“.
საჯარო სივრციდან ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლეს. „მე აქ ვარ“ - ეს არის ლგბტქი თემის ციფრული კამპანია, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს ეძღვნება.
„საზოგადოებას დღეს ჩვენ მხოლოდ ვირტუალი სივრციდან მივართავთ, 17 მაისის კამპანიით Me Aq Var • მე აქ ვარ www.meaqvar.ge, და ვეუბნებით, რომ რომ ქვიარ ადამიანები მათი რეალური სამყაროს, მათი საზოგადოების და ოჯახების განუყრელი, თუმცა გარიყული წევრები ვართ - მათ შვილები, მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლები“,- ნათქვამია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის განცხადებაში.