ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემაშფოთებლად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართვას კოორდინატორების მისამართით. საია ამ ფაქტს ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვაზე უარყოფითი ზემოქმედების კონტექსტში განიხილავს.
საიას შეფასებით, ისევ გრძელდება წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენცია, როდესაც საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კოორდინატორები და მხარდამჭერები დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს, ანდა ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს.
„მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ნუ შეუშინდებით, მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, - ასე მიმართა საარჩევნო უბნებთან შეკრებილ კოორდინატორებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, ამომრჩეველთა სიების გამოყენება კანონდარღვევა არ არის.
„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით, მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს,“ - მიმართა კოორდინატორებს კახა კალაძემ.
19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები; ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.