„თუ დავინახეთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იწელება, ჩვენ დავამთავრებთ პირველ ნაწილს და მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ:
„პირველი ეტაპის სამუშაოები ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. განახლდება როგორც საკანალიზაციო, ისე სანიაღვრე სისტემა. ელექტროსადენები, რომელიც ჰაერშია, დაგეგმილია მათი მიწის ქვემოთ ჩატანა, მთლიანად იქნება მოწესრიგებული, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქალაქებშია. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქსელი რომელიც არის განთავსებული მიწის ქვემოთ რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის დაზიანებული. იგივე მდგომარეობაა მელიქიშვილზე, ამიტომ GWP-სთან ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, თუ ვერ მოვასწრებთ იმ შემთხვევაში".
30 მაისს ნაწილობრივ დაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, სადაც თბილისის მერია იწყებს ინფრასტრუქტურის მთლიანად შეცვლას.
ამ ეტაპზე დაკეტილია მონაკვეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან არაყიშვილის ქუჩის ასახვევამდე.
ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა ავტოტრანსპორტის მიმოსვლის დროებითი სქემა, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.