Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა


გურჯანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 40 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

მომხდარზე გამოძიება,147-ე მუხლის მე-3 ნაწილილოს "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაცია, 16 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სამშობიარო ტკივილები მას სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო.

მოზარდის თქმით, რამდენიმე თვის წინ, მასზე მეზობელმა და მეგობრის მამამ იძალადა. როგორც გოგო ამბობს, კაცი მას დაემუქრა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, თორემ ოჯახის წევრებს დაუხოცავდა. მოზარდმა კაცის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც ბავშვი დაიბადა.

მოზარდის ოჯახი ამბობს, რომ მოძალადის ოჯახმა გაჩუმების სანაცვლოდ მათ ჯერ ოქრო შესთავაზა, შემდეგ კი მოძალადის 14 წლის ვაჟზე დაქორწინება.

თავდაპირველად შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან, თუმცა, საქმე გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გენეტიკური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

კაცი, რომელსაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ამბობდა, რომ თუკი გენეტიკური ექსპერტიზა დაადგენდა, რომ ახალშობილი მისი შვილია, მზად იყო ის შვილად ეღიარებინა და ამასთანავე, პასუხი ეგო კანონით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG