Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: პოლიციამ მოძალადეები უნდა გაიყვანოს


ვინც იმუქრება და მოძალადეა, ისინი უნდა გაიყვანოს ტერიტორიიდან პოლიციამ და არა მშვიდობიანი მოქალაქეები, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი აშორებს აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს.

„აქ არის ყველაზე მთავარი სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება აზრის გამოხატვის, მუქარის და ძალადობის მიმართ. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ აზრი გამოხატონ და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან ამაში. სახელმწიფო, კანონის მიხედვით არ აძლევს მოძალადეებს უფლება, რომ ხელი შეუშალონ სხვებს აზრის გამოხატვაში. ვინც ძალადობს, ის უნდა გაიყვანონ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამოჩნდა ყვითელი ავტობუსები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ავტობუსები ტერიტორიიდან მათი გაყვანის მიზნით მოიყვანა.

ელენე ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თუმცა დეპუტატმა ასევე აუხსნა მათ, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის ყველა მოქალაქისთვის და ტერიტორიიდან მოძალადეების გაყვანა უნდა მოხდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს აქცია და კონტრაქცია. აქციას მართავენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, ხოლო კონტრაქციის მონაწილეები ნაციონალისტურ ჯგუფებს წარმოადგენენ.

„წადით თქვე უპატრონოებო", "რას ზიხართ, წადით საქართველოს გამყიდველებო", "ქვეყნის შემარცხვენლებო", "ქათმებო", "უჯიშოებო", გარეწრებო, "მოდი უნდა ჩაგეხუტო“,- ასეთი შეძახილები ისმის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციაზე.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის მონაწილეებს. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას ამ ღონისძიების ჩატარება.

14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს. პოლიციამ დააკავა 8 პირი - ყველა მათგანი კონტრაქციის მონაწილე იყო.

XS
SM
MD
LG