Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია, როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე


ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მიმართავს პროკურატურა სასამართლოს თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს.

უცნობია ისიც, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და მოითხოვს თუ არა პროკურატურა მათ პატიმრობას.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.

2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით

ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG