Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საძაგლიშვილი: სააპელაციოსგან მოვითხოვთ, ნიკა გვარამია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს


დიმიტრი საძაგლიშვილი
დიმიტრი საძაგლიშვილი

აღკვეთის ღონისძიება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, არის უკანონო. სწორედ ამიტომ სასამართლოს არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ვაპირებთ მის გასაჩივრებას. არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძირეულად შეცვლის, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა ზომა გამოვიყენოთ , - უთხრა რადიო თავისუფლებას „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოსგან დაცვის მხარე მოითხოვს, ნიკა გვარამია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს.

ჩვენ სხვა პოზიცია არ გვაქვს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს. არა, პრინციპულად. იმიტომ, რომ არ არსებობს დანაშაული და „ბოდვაზე“ პირს არ შიძლება შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება. ზუსტად ამიტომაა კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომ დასაბუთებული ვარაუდი უნდა არსებობდეს აღკვეთის შეფარდების ფაქტზე. იმისთვის,რომ რომ ჰაერზე არ მოხდეს აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება, რაც მოხდა გუშინ, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რას აპირებს ნიკა გვარამია მიმდინარე 30 დღის განმავლობაში?

ნიკა გვარამია არ აპირებს რომ გადაიხადოს გირაო. ამ 30 დღის განმავლობაში და მერეც ,ნებისმიერ დროს, როცა დაგვიძახებს პროკურატურა, როცა დაგვიძახებს სასამართლო ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობას დათქმულ დროს. ამის შემდეგ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს- მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ანუ პატიმრობა, ან შეუძლია არ გააკეთოს ასეთი რამე.

აღკვეთის ღონისძიება საბოლოოდ მიზნად ისახავს, რომ პირმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ მიიმალოს, მოწმეებზე ზემოქმედება არ მოახდინოს. ბუნებრივია, ნიკა გვარამია არც მიიმალება, არც არავისზე ზემოქმედებას არ აპირებს, არც გამოძიებისთვის ხელის შეშლას არ აპირებს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ქვეყნიდან გაუსვლელობის შეზღუდვის შესახებ?

პროკურატურამ მოთხოვნის სახით დააყენა, რომ ყველა გასვლა საქართველოს საზღვრებიდან უნდა იყოს შეთანხმებული საგამოძიებო ორგანოსთან. წინასწარ უნდა აიღოს ნებართვა გასვლასთან დაკავშირებით. დაგეგმილი ნიკა გვარამიას ამ პერიოდში სადმე წასვლა არ ჰქონდა, მაგრამ შესაძლოა დადგეს ამის საჭიროება ვნახოთ.

ჩააყენებს საქმის კურსში საგამოძიებო ორგანოს?

არ გვქონია ამაზე საუბარი. არ მგონია, აქ რაიმე პრობლემა იყოს.

ნიკა გვარამიას დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაცვლელად ორშაბათს, 12 აგვისტოს მიმართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.​სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ასევე ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს.

​თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.​სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ასევე ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა აქვს. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის.

წინასასამართლო სხდომა ნიკა გვარამიას საქმეზე 30 სექტემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.

"რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ნიკა გვარამია ამ ბრალდებას უწოდებს "პოლიტიკურ ანგარიშსწორებას" ხელისუფლების და პირადად ბიძია ივანიშვილის მხრიდან.

XS
SM
MD
LG