რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. "წინასწარი შედეგებით, გამარჯვება ჩემია. მაგრამ მე გამარჯვება არ მინდა ჩემთვის, გამარჯვება ხალხისთვის მინდა", -განუცხადა ხაჯიმბამ თავის მომხრეებს.
ხაჯიმბას უპირატესობა ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერ ალხას კვიცინიაზე, არაოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სოციალურ ქსელში აფხაზი ჟურნალისტები აქვეყნებენ, დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
ევროკავშირი არ ცნობს „კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც 25 აგვისტოს, ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ხოლო 8 სექტემბერს მეორე რაუნდი იმართება“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, ჟან-კრისტოფ ბელიარდის მიერ, კავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.