Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ჩავიდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია


ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის დახვედრა ბათუმში
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის დახვედრა ბათუმში

საქართველოში ჩამოვიდა ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაცია ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის ხელმზღვანელობით. დელეგაციაში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

NAC-ის დელეგაციას ბათუმის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 3-4 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება.

  • ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.
  • გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
  • ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში დაათვალიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს.
  • ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

NAC-ის წლევანდელი ვიზიტი საქართველოსთვის უკვე მეხუთეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ეს უპრეცედენტო ფაქტი საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნათელი დასტურია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა დეკემბრის შეხვედრამდე, NAC-ის ვიზიტი მანიშნებელია იმისა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ალიანსის დღის წესრიგში და ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და განიხილავენ პოლიტიკურ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG