საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ განმარტავს განცხადებას, რომელიც სექსისტურად შეფასდა.
„ხაჭაპური ჩვენი ეროვნული პროდუქტია და თითქმის ყველა აცხობს და არ იგულისხმება ქალი. საქართველოში მზარეულების თითქმის 65% მამაკაცია. ხაჭაპური, რომელიც მე მიყვარს, არის გიას ხაჭაპური, გასინჯული გექნებათ ბათუმსა და თბილისში, რომელიც არის ცომგამოცლილი“, - ამბობს ხაზარაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.
თიბისი ბანკის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო ბოდიში არ აქვს მოსახდელი.
„ყველა ეს აჟიოტაჟი, იმ ადამიანებს გულწრფელად მინდა ვუთხრა, რომ არანაირი განზრახვა სქესობრივი თვალსაზრისით ხაზგასმით და უბრალოდ შეურაცხყოფის მიყენების არ მქონია. მე ის კაცი ვარ, რომ შემიძლია, ბოდიშიც მოვიხადო თუ ბოდიშია მოსახდელი. არანაირი განზრახვა და თვითონ შინაარსი ამაში არ ყოფილა. აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხაჭაპური, როგორც ეროვნული პროდუქტი, რომელიც თითოეულ ოჯახში მზადდება, კაცებიც აკეთებენ და ქალებიც და მეც გამომიცხვია. ხორციც შემიწვავს და ხაჭაპურის გამიკეთებია.
აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ როდესაც ამხელა ინფრასტრუქტურის სამინისტროს იბარებ და ქვეყანა ჩამორჩენილია კალენდარს; როდესაც შარშან მილიარდ-ნახევარი ვერ აითვისე; ბიუჯეტი, რომელიც მათ წარადგინეს არაფერზეა გათვლილი; მე ვთქვი, რომ ეს არ არის ხაჭაპურის ცხობის ტოლფასი. ისევე, როგორც მოსამართლეებსა და პროკურორებს ვუთხარი, მაგრამ მაშინ ამბავი არ ამტყდარა.
ღმერთმა დამიფაროს, რომ ქალს მაგ კუთხით შევხედო, ამიტომ ვერაფერს მივიწებებ ისეთს, რაც შინაგანად ჩემში არ არის. ხაჭაპურს, რომელსაც სჭირდება 5-10 წუთი გამოცხობა, განსხვავდება იმ მილიარდიანი პროექტების მართვისგან, რომელსაც სპეციალური ცოდნა სჭირდება“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს" დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ 3 ოქტომბერს თქვა, რომ შესაძლოა, მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ.
ხაზარაძეს გამოეხმაურა მაია ცქიტიშვილი. „ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს", - თქვა მინისტრმა.
ქალთა უფლებადამცველებმა მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება სექსისტურად შეაფასეს.
ქალთმოძულეობად შეაფასა „ლელოს" დამფუძნებლის გამოთქმა იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმაც.