Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს გადასცემს საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტს


საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოცემულია ბრძანება, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტის, იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროდან მოგვწერეს, მათ რუსეთიდან შესაბამისი გარანტიები მიიღეს.

„სუმბაევის საექტრადიციო ბრძანება გამოიცა 2019 წლის 30 სექტემბერს. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომლის ფარგლებში ჩვენ საჭიროებისამებრ ვითხოვთ გარანტიებს ნებისმიერი სახელმწიფოსგან. ამჯერად იგი [გარანტიები] მიღებულია რუსეთიდან და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ველოდებით მის ეტაპირებას. სუმბაევს ბრძანება ჩაბარდა 15 ოქტომბერს და როგორც მედიის საშუალებით ადვოკატისგან შევიტყვეთ, მას მიუმართავს სტრასბურგის სასამართლოსათვის, რაც მისი უფლებაა“, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ასტრახანის მკვიდრი იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს, თბილისში დააკავეს - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით.

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ის თავისი საქმის უბადლო სპეციალისტია, სწორედ ამის გამო ამოიღო მიზანში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ).

როგორც ადვოკატი აცხადებდა, რუსეთში, მოგონილი ბრალდებით დააკავეს იაროსლავ სუმბაევის დედაც.

პროტესტი მოჰყვა ექსტრადიციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეს, როდესაც ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ 19 სექტემბერს რუსეთს გადასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG