Accessibility links

"როსავიაცია" საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას უარყოფს


ავიაკომპანია "სიბირ"-ის თვითმფრინავი

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ უარყოფს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგა.

16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სააგენტომ ავიაკომპანია „სიბირ“-ს მისცა მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების ნებართვა, ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგა.

„როსავიაციის“ წარმომადგენელმა სააგენტო РБК-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია „სიბირ"-მა მხოლოდ ნებართვა მიიღო და ავიარეისების შესრულებას საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაიწყებს.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG