Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა დევნილი ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მიიღებს ბინებს


ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, - განუცხადაჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა იმართება. მისივე თქმით,დევნილები, რომელიც დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ბინებს მიიღებენ.

„სამინისტრომ გამოაცხადა მეორე ფაზა ბინების განაწილების15 ოქტომბრიდან და დასრულდება 31 ოქტომბერს, შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება თბილისში, წლის ბოლომდე. მინდა მივმართო ყველა დევნილს ოჯახს, ვინც დაინტერესებულია ამ ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს განხილვა ბინით უზურნველყოფასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ყველა ოჯახი მიიღებს ბინას,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გიორგი წოწკოლაური კონკრეტულ კრიტერიუმებს და ბინის გადაცემის პრინციპს ასახელებს.

„კრიტერიუმები ასეთია: თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, აქვთ თუ არა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი მოზარდი, არის თუ არა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შესაბამისი შეწონილი ქულა, ხოლო ქულა კი განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს უფრო მეტად სჭირდება და პრიორიტეტულია მოცემულ მომენტში ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც მე ვსაუბრობ,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც თბილისში არც ერთ მისამართზე არ არიან რეგისტრირებული და მათ სამინისტრომ შესთავაზა რეგიონებში შესაბამის შერჩევაში მონაწილეობა.

„წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

16 ოქტომბერს, აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც თითქმის 1 თვეა აქციას მართავენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აქციას მანამდე არ შეწყვეტდნენ, ვიდრე მათ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდებოდა და მათ მოთხოვნებს არ მოისმენდა.

დევნილები ასევე მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია, შეაჩერონ ბინების გაცემის პროცესი და ხელახლა განიხილონ ეს საკითხი. მათი თქმით, ბინებს ქულათა მინიჭების საფუძველზე გასცემენ, მაგრამ არის შემთხვევები როცა სამინისტროსგან გარიგების საფუძველზე გაიცემა ბინები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG