Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ სხირტლაძე: კანდიდატებს გასაჩივრების უფლება უნდა ჰქონდეთ


ღია კენჭისყრის პირობებში, კანდიდატთა შერჩევისას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა შესაძლებელი - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ნუგზარ სხირტლაძემ 24 ოქტომბერს, პარლამენტის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ნუგზარ სხირტლაძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ დასმულ შეკითხვას - „როგორ ეთანხმებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარულ კენჭისყრას?“. კანდიდატმა გაიხსენა, რომ კონკურსთან დაკავშირებით სწორედ ღია კენჭისყრას ემხრობოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისია.

„ამაზე გამოითქვა მოსაზრებები სახალხო დამცველის მიერ, ევროპის საბჭოს სპეციალისტების მიერ... ღია კენჭისყრა რომ იყოს, ალბათ უფრო მეტად დასაბუთებული გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული... თუმცა, კონკურსის პირობებში, დისკრეციის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. ანუ გარკვეულწილად გამომცდელს აქვს უფლება, რომ თავისი შეხედულება ჰქონდეს“, - განაცხადა სხირტლაძემ

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე გასაჩივრების უფლების მინიჭება კონკურსში გამარჯვებული პირებისთვის, რაც დღევანდელი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ეს არის საკითხი, რომელსაც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის ეტაპზე აქტიურად ითხოვდა პოლიტიკური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. საკითხი ხაზგასმული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში.

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია - იქნება კენჭისყრა ფარული თუ ღია... მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ როდესაც განისაზღვრება კონკურსში გამარჯვებული და (პარლამენტისთვის) წარსადგენი პირების სია, შესაძლებელი იყოს გასაჩივრებაც - უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. ამ სტადიაზე კანონი არ ითვალისწინებს გასაჩივრებას და კანონში უფრო მკვეთრად რომ ჩაიწეროს, უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ. სხირტლაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-14 კანდიდატია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 1999 წლიდან - ნუგზარ სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;
  • 1998-1999 წლებში - ის იყო ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციან სია პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამარლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG