Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში დაიწყო ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მეექვსე ტექნიკური შეხვედრა


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მეექვსეა.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მთავარი თემაა სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები. ანთაძის ინფორმაციით, აქტიური განხილვის საგანი იქნება ევროკავშირის მეთვალყურეებთან დაკავშირებული ინციდენტიც.

„რაც შეეხება გადასასვლელების დაკეტვას, რაც განახორციელა საოკუპაციო რეჟიმმა, ჩვენ ამ საკითხსაც შევეხებით, ვინაიდან ეს მათ პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს. ისევე, როგორც გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ხელი შეეშალა რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე აპირებს, ძალიან პრინციპულად დააყენოს ყველა საკითხი, რათა „სიტუაციამ არ მიიღოს კიდევ უფრო სერიოზული განვითარება და არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე“.

ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მშვიდად უნდა იყოს მოსახლეობა იმ ფონზე, როცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში ახსენეს პირდაპირი შეტაკების საფრთხე, ირაკლი ანთაძემ ასე უპასუხა: „დღესდღეობით ერთადერთი გარანტია, რაც უზრუნველყოფს შედარებით სტაბილურ გარემოს, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების კონსტრუქციული პოზიცია და, ასევე, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების აქტივობა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“.

ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან, ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი.

24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG