Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის მეექვსე ტექნიკური შეხვედრა - მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მეექვსეა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მთელი შეხვედრა დაეთმო ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მეტად ნეგატიურ პროცესებს და პროვოკაციულ აქტივობებს, ასევე იმ აქტივობებს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

„პოზიციები კვლავ რჩება უცვლელი, კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნას მოხსნილი, რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების შეფასება წაღვლისა და ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ასევე შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება გუშინდელ ინციდენსტს, 24 ოქტომბერს სოფელ წნელისის შემოგარენში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეებმა დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ეს ფაქტი საგანგაშო და აღმაშფოთებელია. ირაკლი ანთაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მასში მონაწილე პირები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ - რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და დააზიანებს როგორც ფორმატს, ასევე პროცესს.

„რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის ძალიან საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტი“.

ირაკლი ანთაძის სიტყვებით, მხარეები დიალოგის გაგრძელების რესურსს ხედავენ. თუმცა, უცნობია მომავალი ტექნიკური შეხვედრის თარიღი.

„ერთი შემიძლია დავძინო, რომ შეხვედრის არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ ზუსტი თარიღი, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, მაგრამ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქმედ დროებით შეზღუდვებს, ანთაძის განცხადებით, ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და დამოკიდებულია მხოლოდ იმ დღეს არსებულ სიტუაციაზე.

„თავად გუშინდელი ინციდენტიც ნათელი დადასტურებაა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს იმ ტერიტორიასთან გამოჩენა, სადაც არის უსაფრთხოების დაზიანებული გარემო, ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ ამასთან და არ აქვს რაიმე სხვა დატვირთვა“, - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა, ასევე, ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების სამხედრო მართვის ორგანოების სასწავლო მიზნებით მუშაობის საბრძოლო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დე ფაქტო რეჟიმი პერიოდულად მიმართავს მსგავს ქმედებებს, ზოგჯერ ცხადდება წვრთნებიც.

„შეიძლება ასეთი იყოს, თუნდაც საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადება, დე ფაქტო რეჟიმი მიმართავს ასეთ ქმედებებს პერიოდულად, მაგრამ, რამდენად სერიოზულია, ამას უფრო შემდგომი პროცესები გვაჩვენებს. ეს არის მათი მხრიდან ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით, ამ ვითარებიდან გამოსავალი არის მარტივი - უნდა შეწყდეს პროვოკაციული მოქმედებები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან, ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი.

24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG