საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევის მასშტაბი იყო ის, რაც ადრე არ გვინახავს, - ამის შესახებ ბრიტანულ მაუწყებელს, „ბიბისის“ განუცხადა კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, პროფესორმა ალან ვუდვორდმა. მისი შეფასებით, კიბერშეტევის მასშტაბი და მიზნების ხასიათი იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ შეტევა სახელმწიფოს სპონსორობით განხორციელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, 28 ოქტომბრის კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან. სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან და ინტენსიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.
გამოძიება მიმდინარეობს ვებსაიტებზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე.
28 ოქტომბერს, საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე ასეული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო კომპანიის ვებსაიტებზე, სადაც ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.