დღეს, 30 ოქტომბერს თბილისში იხსნება ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
ფორუმის მიზანია სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.
ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მექანიზმებს, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჰიბრიდულ გამოწვევებს და ანტიდასავლურ პროპაგანდას და მასთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებს.
ფორუმში, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, მონაწილეობენ მაღალი დონის ექსპერტები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ფინეთი.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს მიმართავენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩი თაჯან ილდემი და სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელი ლეა გაბრიელი.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო სტრუქტურების, ნატოს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები.