Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს


საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 12 საათზე დაიწყო. სხდომის დღის წესრიგი არ გავრცელებულა, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე მსჯელობენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები.

2019 წლის პირველი სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ 30 ოქტომბერს, სააგენტო "ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ პატრიარქი ჯანმრთელადაა და წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს.

სინოდის სხდომის დანიშვნას წინ უძღოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის საჯარო განცხადებები, რომ მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მთავრობის მაღალჩინოსნები გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.

28 ოქტომბერს, როცა მეუფე იაკობი მისივე თხოვნით, პატრიარქმა ქორეპისკოპოსის მოვალეობის შესრულებისგან გაათავისუფლა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა მეუფე იაკობის ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ გამართულა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წასულა.

29 ოქტომბერს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება, თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა“.

სხდომას ვერ ესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, რომელიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს მასპინძლობს.

მეუფე გრიგოლი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერია. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG