Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერა


ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს სამხედრო ძალები მთელი უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა 31 ოქტომბერს განცხადა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა მოსკოვს, დაუბრუნოს კიევს კატარღები, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა შარშან ნოემბერში იგდეს ხელთ ქერჩის სრუტეში.

"ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ ანექსირებულად მიიჩნევს ყირიმის ნახევარკუნძულს", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ალიანსის გენრალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო ასევე გეგმავს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნების მეშვეობით.

უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. 30 ოქტომბერს ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები და ნატოს გენერალური მდივანი ოდესაში იმყოფებოდნენ, დღეს, 31 ოქტომბერს კი შეხვედრებს კიევში მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG