ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს უჭირს იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიაში.
„თუ ემოციები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს არსებული, ისედაც რთული ვითარებისა. შემინდეთ, მაპატიეთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში გამართული საზეიმო წირვის შემდეგ.
ჟურნალისტის კითხვაზე კი, სმენია თუ არა აქამდე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე, მან თქვა, რომ ამაზე საუბარი არ შეუძლია:
„ძალიან გთხოვთ, არ შემიძლია ამაზე საუბარი, გამიგეთ“, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
სინოდის სხდომაზე 31 ოქტომბერს მიღებული განჩინებით, მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალა მღვდელმსახურება, გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისგან და მოსანანიებლად მონასტერში იქნა გამწესებული.
სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან უსამართლოდ გადააყენა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე.
„მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.
სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).
ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები აცხადებენ, რომ დროებით მმართველს, მეუფე გრიგოლს არ მიიღებენ.