Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„14 დღეა, რაც თერმომეტრი გადავყლაპე“ - მსჯავრდებულმა „აჭარა ტვ“-ს წერილი მისწერა


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ბათუმის ნომერ მე-3 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის წერილი მიიღო.

„უკვე 14 დღეა მაქვს გადაყლაპული პროტესტის ნიშნად სიცხის საზომი თერმომეტრი“, - წერს მსჯავრდებული აჭარის ტელევიზიას. ის ბათუმის ციხიდან აპროტესტებს იმას, რო მე-6 ან მე-7 დაწესებულებაში გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

„ჩემი ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს და ვერ ახერხებენ ჩემთან ბათუმში ჩამოსვლას. ბაბუა მყავს მხოლოდ, მშობლები არ მყავს“, - წერს მსჯავრდებული.

„ამასთან უნდობლობას ვუცხადებ, მესამე დაწესებულების ექიმებს, ასევე ქალაქ ბათუმის საავადმყოფოში არასათანადოდ მექცევიან, ყურადღებას ვითხოვ, რათა გადაყვანა მოხდეს ნომერ 18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვარ საოპერაციო და არ ვენდობი ამათ. გამოვაცხადებ შიმშილობას. გთხოვთ აღნიშნული გააშუქოთ, რადგან არავინ ყურადღებას არ მაქცევს'', - წერია მსჯავრდებულის წერილში, რომელიც 30 ოქტომბრით თარიღდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულს ოპერაციული ჩარევით, უცხო სხეულების ამოღება, რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ ის უარს ამბობს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 26 ოქტომბერს პატიმარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენოგრაფია ჩაუტარდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ უცხო სხეული მუცლის ღრუში, დაახლოებით კუჭის საპროექციო არეში დაფიქსირდა.

„17.10.2019წ. მსჯავრდებულმა გადაყლაპა თერმომეტრი და მეტალის ნივთი (ფრჩხილების საკვნეტი). ი.ს. ითხოვდა გადაყვანას N6 ან N7 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მსჯავრდებულს შესთავაზეს უცხო სხეულების ამოღება ენდოსკოპიური გზით, რაზეც განაცხადა უარი. მეტალის უცხო სხეული ევაკუირებული იქნა ფიზიოლოგიური გზით, ხოლო, თერმომეტრთან დაკავშირებით, მსჯავრდებულს 26.10.2019 წ. შეეთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანა, რაზეც კვლავ განაცხადა უარი (შედგენილია შესაბამისი აქტი).

იმავე დღეს, განმეორებით შეთავაზების შემდეგ, მსჯავრდებულმა განაცხადა თანხმობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე და იგი გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. ჩატარებული რენტგენოგრაფიით, მუცლის ღრუში, დაახლოებით კუჭის საპროექციო არეში გამოვლენილ იქნა უცხო სხეული. მიუხედავად სათანადო ახსნა-განმარტებისა, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა უცხო სხეულის ამოღებაზე და დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილას. 31.10.2019წ. და 01.11.2019წ. კვლავ უარი განაცხადა უცხო სხეულის ამოღების მიზნით რეფერირების განხორციელებაზე'' - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG