Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ქადაგიძე, მოსამართლეობის კანდიდატი: უზენაესის მოსამართლეობა ჩემთვის იდეაფიქსი არ არის


ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ მისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა იდეაფიქსი არ არის, მაგრამ კონკუსრში მონაწილეობა მაინც ღირსების საკითხია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი არც კი ჰქონოდა, რომ არა 10-კაციანი სია, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც იყო:

„აქ უბრალოდ ჩემი ღირსების საკითხი დადგა და ამიტომ ვდგავარ თქვენს წინაშე. რომ არ ვყოფილიყავი წარდგენილი, გარწმუნებთ, რომ შეიძლება დღეს აქ არ ვმჯდარიყავი. სწორედ იმიტომ, რომ ამ 10- კაციან სიას მოჰყვა ასეთი ხმაური, ამიტომ ვდგავარ თქვენს წინაშე და ვცდილობ დავადასტურო, რომ ვარ ღირსი ვიჯდე აქ“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

იგი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო სააპელაციოსთან შედარებით მაღალი სტანდარტია და უზენაესის მოსამართლეობა უნდა, თუმცა ეს მისთვის გადამწყვეტი არ არის. „ჩემს ცხოვრებაში არის გადამწყვეტი ის საკითხი, რომ ვიყო მოსამართლე და ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს. რომელ ინსტანციაში გავაკეთებ ამ საქმეს, ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ. მან დეპუტატ ნინო გოგუაძის შეკითხვის პასუხად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ისაუბრა იმაზეც, როგორ მოხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა იმ ათკაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში შევიდა საქართველოს პარლამენტში:

„მე გიორგი მიქაუტაძე დამიკავშირდა, იუსტიციის საბჭოს მდივანი, ჩვენს შორის შედგა კომუნიკაცია. მან მითხრა, რომ აპირებდნენ ჩემს ნომინირებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურად. ბუნებრივია, მე მადლიერებით მივიღე ეს, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ სასიამოვნოა, როცა დაგინახავენ შენს უწყებაში და ცდილობენ, რომ ისევ იმაზე პოზიციაზე დაგაბრუნონ, სადაც იყავი. ამიტომ მე საკმაოდ მადლიერებით მივიღე, დავთანხმდი და სულ ეს იყო. მერე უკვე დანარჩენი თქვენც იცით, რაც მოჰყვა“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ.

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. დღეს, 4 ნოემბერს, კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

ქადაგიძე 2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 15 კანდიდატს.

XS
SM
MD
LG