Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ქადაგიძე გიგა ბოკერიას: ძალიან კარგად შეგიძლიათ, რომ ადამიანს აურიოთ გზა-კვალი


„თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, რომ ადამიანს აურიოთ გზა-კვალი, ამიტომ მაგის ნიჭი უდავოდ გაქვთ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას. დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს შეახსენა 2014 წელს მის მიერ განხილული საქმე, რომელშიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ეღიარებინა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერების განადგურება.

აქ, პარლამენტში, ამ სხდომაზე, რა აუდიოჩანაწერიც კეთდება, ეს არის საჯარო ინფორმაცია თუ არა? უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იყო საჯარო საკითხებზე და იქ არ იყო გასაიდუმლოებული არაფერი. იყო უბრალოდ ხუშტური იმ უწყების მინისტრის, რომელიც ცნობილია ასეთი დამოკიდებულებით, რომ არ მიეცა, და თქვენ, როგორც მოსამართლემ, ამ ხუშტურზე კვერი დაუკარით. ვერც მეუბნებით, ამით რა სიკეთე დაიცავით, რომელმაც გადაწონა საჯარო ინტერესი, რომ ეს ინფორმაცია მიეღო ხალხს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მის ამ კრიტიკაზე ნინო ქადაგიძის პასუხი იყო ის, რომ სადავო აუდიოჩანაწერს საფუძვლად ედო იუსტიციის მინისტრის ბრძანება. კერძოდ, სამინისტროს თანახმად, აუდიოჩანაწერს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა, წერილობითი ოქმის შედგენის შემდეგ ნადგურდებოდა და მისი შენახვა კანონმდებლობით მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. დღეს, 4 ნოემბერს, კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

ნინო ქადაგიძე 2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე. იგი შედიოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაშიც, რომელიც 2018 წელს, დეკემბერში წარედგინა პარლამენტს და საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების საგნად იქცა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 15 კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG