Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცინცაძე: კონკრეტული ფაქტები სასამართლოში არაფორმალური მმართველობის შესახებ არ არის


ქეთევან ცინცაძე
ქეთევან ცინცაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე ამბობს, რომ ვერ დაადანაშაულებს სუბიექტურობაში არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს, როცა ისინი სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შესახებ საუბრობენ:

„უბრალოდ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები ამ საკითხებთან დაკავშირებით არ არის“, - უპასუხა მოსამართლეობის კანდიდატმა ქეთევან ცინცაძემ დეპუტატ თინა ბოკუჩავას სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური ჯგუფის გავლენების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა იმით, რას ფიქრობს ქეთევან ცინცაძე სასამართლოსადმი ნდობის დეფიციტის პირობებში ადამიანის უფლებათა პალატის შექმნაზე, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტება:

„ვფიქრობ, დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების გამოწვევა ნდობა ნამდვილად არის, თუმცა ამ საკითხის მოგვარება გამოცდილი მოსამართლეების მოზიდვის გზით არ მიმაჩნია სწორად. მიმაჩნია, რომ დღეს სასამართლოში და, ზოგადად, იურიდიულ სფეროში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელსაც ძალუძს შეაფასოს სწორად და ობიექტურად. შესაბამისად, მომავლის გამოწვევად მიმაჩნია ნდობის გაზრდა საზოგადოებასთან უფრო მეტი ურთიერთობის ხარჯზე“, - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მოუსმინეს.

2017 წლის ნოემბრიდან ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. მისი ფუნქციაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და განხორციელება, საქმის გარემოებების მოკვლევის შედეგად შესაბამისი დასკვნის მომზადება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენა.

2011-2017 წლებში ქეთევან ცინცაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 20 კანდიდატიდან 18-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG